მტკივა


რას მიფიცებდი მაშინ სიყვარულს,
თუ ბოლოს მაინც ჩემგან წახვედი.
ბევრი მითხარი, ბევრი ეცადე,
მაგრამ გულიდან ვერ გამოხვედი.

ვერ დავივიწყებ ამ მოგონებებს,
არა მგონია შენც დაგავიწყდეს
ის გაღიმება, ის ჩახუტება,
რომელთაც  ამბის შექმნა დაიწყეს.

ამბავი ასეთი, თბილი და წმინდა,
რაღაც საოცარ გრძნობებით სავსე.
მე მიხაროდა როდესაც წვიმდა,
შენ ჩურჩულებდი -მიყვარხარ. ასე…

ვერ მავიწყდება ის სიხარული
და გამოხატვა იმ შეხვედრებზე
მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი
შენ დაიკიდე სწრაფად ფეხებზე.

შენ დაიკიდე ის სიყვარული,
რაც განმიცდია შენდამი დღემდე,
მაგრამ, რატომღაც ასეთ გულნატკენს
მე ახლაც მინდა სადმე რომ შემხვდე.

არ მავიწყდება მე ის წამები
ხელჩაკიდული რომ ვსეირნობდით.
არ მავიწყდება შენი თვალები,
რომელშიც ულევ სიყვარულს ვცნობდი.

არ მავიწყდება ის ჩახუტება,
უფრო ძლიერე ყოველ ქუხილზე
და ვერ ვივიწყებ მაშინდელ კოცნას
რომ გადამექცა უკვე წუხილზე.

ღამეა მშვიდი, რაღაცნაირი
და მოგონების წვეთები ცვივა,
მე მახსენდება იმ ღამის კოცნა
და მე შენი სიყვარული მტკივა...



04.08.19
დავით მარგიევი

ერთხელ

ერთხელ გნახე და იმ დღის მერე ვეღარ გივიწყებ.
დამამახსოვრდა შენი სახე, შენი სხეული.
მას შემდეგ უკვე ყოველ ღამეს თეთრად ვათენებ,
მცირე ოცნებით, შენზე ფიქრით, ისევ ეული.

ერთხელ შეგხვდი და ამ შეხვედრას ვგრძნობ ყოველ ღამე.
ერთხელ ჩაგხედე შავ თვალებში და ახლაც მახსოვს.
კი, ნათლად მახსოვს, ტროტუარზე მე, შენ და მთვარე...
ჩემს მოგონებებს ახლა უკვე ფერადად ათოვს.

ერთხელ ჩაგკიდე ხელი ხელში, ახლაც ვგრძნობ სითბოს.
ერთხელ გითხარი მიყვარხართქო, არ მსურს მეტის თქმა.
მაგრამ, ეს გული, დატანჯული, რაღაცას ითხოვს.
მაგრამ, არ ვიცი რა ვუშველო, მეტი რაღა ვქნა.

16.02.20
დავით მარგიევი

ადამიანო

გული მიკვდება, რომ ვუყურებ ადამიანებს,
რომ არ ხვდებიან ჭეშმარიტად რა დააფასონ.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო მადარდიანებს,
რომ შეუძლიათ ყველაფერი ნაგავს ამსგავსონ.

გული მიკვდება, რომ არ შველის არც ლაპარაკი:
გამოასწოროს იქნებ ვინმემ როგორმე რამე.
მაგრამ პრინციპი, სიჯიუტე მეტია, რაკი
სულ არ ადარდებთ სხვა არავინ და არც ეს ღამე.

გული მერევა, ვუფიქრდები მომავალს ბინდულს:
ანადგურებენ ეგოიზმით ყველაფერ ლამაზს,
ხდიან სამყაროს კიდევ და კიდევ უფრო ბინძურს,
ყურს არ უგდებენ არავისგან გამოთქმულ სხვა აზრს.

გული მერევა, დიახ, შენზე ადამიანო,
რომ შეგიძლია სილამაზეს ზურგი აქციო,
რომ შეგიძლია უმოწყალოდ გადამიარო,
და რომ სამოთხე ჯოჯოხეთად გადააქციო.

09.02.20
დავით მარგიევი

არარეალური ოცნება

შევეჩვიე მარტოობას სიყვარულის განცდით, მე და ჩემი ოცნებები რეალობას გავცდით: მზის სხივი რომ ანათებდეს ჩვენს ოცნების მთვარეს.
მთვარე ჩვენი დამნახველი, რომ გვიმხელდეს აზრებს. ღამეს მთვარე გვინათებდეს ლურჯად, იყოს მწვანეც, საუცხოო რომანტიკით აგაფრენდი ცამდეც. გაიფურჩქნოს ყვავილები თებერვლის ამ ღამეს, დაგახვედრებ თაიგულებს, რომ გაახელ თვალებს. ცა ცისფერი აღარ იყოს, ჩვენ ვურჩევდეთ ფერებს, როგორც ვურჩევ მე ამ ღამით შენზე რითმებს ლექსებს. ყოველ შენს ჩაძინებაზე რომ ვიწყებდე წერას, გასაფრენად ბარათაშვილს მოვპარავდეთ მერანს, გალაკტიონს გადავუფრენთ, ხიდთან როცა ათოვს... თოვლს შევღებავთ იის ფერად, ხომ ვიცით ეს ათრობს. და მწუხარე მელოდიებს შევუცვლიდეთ  გრანელს, ნახე მთვარე სიყვარულს მწვანე სხივით ავლენს. დავიხლიდი უფიქრელად ტიციანის ცამეტს, ოღონდ გრძნობდე რასაც ვფიქრობ, არც ნაკლებს და არც მეტს…


07.02.20
დავით მარგიევი

ისტორია ნოტებად

ნაცნობი ქუჩის უცნობ ხმას ვუსმენ
და ჩემი მზერა ერთ ვარსკვალვს ხვდება.
ქუჩა ღამეში მთვარის შუქის ქვეშ
ერთ ისტორიას ნოტებად ჰყვება.

მივყვები ქუჩას, ვარსკვლავს ციმციმას,
ერთ-ერთ კუთხეში გაისმა - დო, რე.
ღამით წვიმის დროს შექმნილ ნიაღვარს
წყვილი მიყვება ისევე მდორედ.

დავდივარ უხმოდ, ყურს ვუგდებ ყოველს,
ფოთლის შრიალით ჩამესმა - მი, ფა.
წყვილი ერთმანეთს სურვილებს უმხელს
და ისტორიას აგრძელებს ხიდთან.

სადღაც უბანში ძაღლები ყეფენ,
სადღაც გალობენ ჩიტები - სოლ, ლა-ს.
მთვარის შუქს მიღმა, ქუჩის კუთხეში
საოცრად აჰყვა ეს წყვილი გრძობას.

ძველი ხეები სადღაც ჭრიალებს,
საიდანღაც კი ნაზად ისმის - სი...
გადაირბინეს, გადაიფრინეს,
შემოიარეს მთელი თბილისი...

ასე დასრულდა ეს ისტორია
და ბოლოს ისევ გაისმა - დო
ჩვენზეა, ჩვენზე ეს ისტორია,
ჩვენზეა, ჩვენზე, სიყვარულო.

04.02.20
დავით მარგიევი

*

როცა  სიტყვები ზედმეტია სათქმელს ლექსებიც ვერ გეტყვიან. ამ დროს ჩერდება წამები, ყველაფერს ამბობენ თვალები.

დ.მ.
02.02.2020