ადამიანო

გული მიკვდება, რომ ვუყურებ ადამიანებს,
რომ არ ხვდებიან ჭეშმარიტად რა დააფასონ.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო მადარდიანებს,
რომ შეუძლიათ ყველაფერი ნაგავს ამსგავსონ.

გული მიკვდება, რომ არ შველის არც ლაპარაკი:
გამოასწოროს იქნებ ვინმემ როგორმე რამე.
მაგრამ პრინციპი, სიჯიუტე მეტია, რაკი
სულ არ ადარდებთ სხვა არავინ და არც ეს ღამე.

გული მერევა, ვუფიქრდები მომავალს ბინდულს:
ანადგურებენ ეგოიზმით ყველაფერ ლამაზს,
ხდიან სამყაროს კიდევ და კიდევ უფრო ბინძურს,
ყურს არ უგდებენ არავისგან გამოთქმულ სხვა აზრს.

გული მერევა, დიახ, შენზე ადამიანო,
რომ შეგიძლია სილამაზეს ზურგი აქციო,
რომ შეგიძლია უმოწყალოდ გადამიარო,
და რომ სამოთხე ჯოჯოხეთად გადააქციო.

09.02.20
დავით მარგიევი

No comments:

Post a Comment