ზამთრის სონატა

მალე დაკარგა დიდმა მზემ ძალა,
როცა ფიფქებმა დაიწყეს თოვა.
დაკარგულს ვერვინ ვეღარ აბრუნებს,
მაგრამ მზის სითბო აქ მაინც მოვა…

ფიფქები მოდის, გუნდებად იკვრება,
ზოგიც დნება და სულ ერთ წამში ქრება.
ხელები მეყინება, სუნთქვა მეკვრება,
ფიფქის სიხარული წუხილში მეცვლება.

ბუხარში ცეცხლი აინთო, ოთახი თბება...
გაყინულ ფანჯარას თვალს ვერ ვაშორებ.
ფიფქები ქუჩას თეთრად ეფინება
და ეს სითეთრე თბილ ოთახს მაშორებს.

ბუხარი ათბობს ირგვლივ ყველაფერს,
მაგრამ მე მყინავს მზის ცივი მზერა.
ვერც ტანსაცმელი, ვერც თბილი წინდა
გაყინულ სხეულს ვერ ათბობს ვერა...

გაიღო კარი, გაისმა კითხვა:
ისევ მარტო ხარ და ისევ გცივა?
თავს ვუკრავ ჩუმად, თანხმობის ნიშნად.
ის იყო ვიღაც ვინც გულთან მივა…

ისევ აგრძელებს ფანტელი თოვას,
არ წყდება გრძელი ნაკადი ფიფქის.
ემჩნევა კვალი გაყინულ გრძნობას,
მაგრამ თოვლი კი უკვალოდ მიდის…

უეცრად გულში სითბომ იფეთქა,
როცა მან ხელი შემახო მხარზე:
მოდი წავიდეთ, გარეთ გავიდეთ
სულ ცოტა თოვლი დაგვადნეს თავზე...

ფიფქები ისევ ისე ცვიოდა,
ქურთუკს ხვდებოდა და ასველებდა.
კვლავ მეცემოდა და კვლავ ქრებოდა,
მაგრამ ამჯერად კვალსაც ტოვებდა...
………
“ანდაც როგორ შიეძლება რამე მოვიდეს, წავიდეს და კვალი არ დატოვოს…”

დავით მარგიევი
25.10.2018

No comments:

Post a Comment