შენი სხეულის უსასრულობა

ცა დაგახატო მინდა სხეულზე,
თმები ღრუბლებად ეფინებოდეს
და ვარსკვლავები მწვანე თვალებზე
ვრცელ გალაქტიკას ემსგავსებოდეს.

ციდან მომავალ ჩანჩქერად ყელი
და ნაკადული იყოს მკერდს შორის.
ფერებით სავსე სხეული შენი
ამ ჩემს ფიქრებში რითმებად მოდის.

ლურჯი ზღვის ტალღას ვფიქრობ მუცელზე,
ფეხებზე ალბათ ოქროს ქვიშები,
ხოლო მდინარე იყოს თუნდ წელზე.
- ამ ყველაფერზე სულ მთლად ვიშლები.

ხელის მტევნები, როგორც ფესვები,
შენი სხეულის უსასრულობის.
ამ სილამაზეს სრულად ვერ ვწვდები,
მიკვირს სხეულის ამ მორთულობის.

და უმთავრესი, ბოლოს კი ფრთები,
შენი მხრებიდან გადმოშლილები,
გაჩერებული ეს საათები,
უსასრულობა, ჩვენ შეშლილები.

16.01.20
დავით მარგიევი

No comments:

Post a Comment